პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აპირებს მის ბარს შსს-ს მიერ დადებული ლუქი ახსნას. ფორმულას ეთერში გადაცემა "კომენტარში" ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გეგმავს ტელევიზიიდან გასვლისთანავე მივიდეს ბარში.
"ვაპირებ, აქედან წავიდე და ლუქი ავხსნა. რაც ვთქვი, შევასრულებ. ჩემი აზრით, პრინციპულია ქვეყანა გაიხსნას და ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება საკუთარი მთავრობა მათ ექცეოდეს ისე, როგორც იქცევიან", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.
ბარი - ჯაფარასთან 13 თებერვალს დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა . ჯაფარიძის თქმით, ამ ფორმით ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დალუქვის შემთხვევაში, ის ბარს მაინც გახსნიდა და ბარი საქმიანობას იქამდე გააგრძელებდა, სანამ არ დააკავებდნენ.
ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.