logo
ENG



ჯაფარიძე: თუ არ მინდა, კობახიძე დეპუტატად ვერ გამხდის, კონსტიტუციის ასე წაკითხვა იდიოტობაა

20 ნოე 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: თუ არ მინდა, კობახიძე დეპუტატად ვერ გამხდის, კონსტიტუციის ასე წაკითხვა იდიოტობაა

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრად ვერ გახდის.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ადასტურებს 76 დეპუტატი, ხოლო ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია, განცხადება დაწეროს პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, მათ დაატოვებინებს თუ არა პარლამენტს.

ჯაფარიძის თქმით, შეუძლებელია, სახელმწიფომ თავს ასეთი რამ მოახვიოს და თუ მართლაც ასეთი რამ "უწერია" კობახიძეს კონსტიტუციაში, ის ამას არ ემორჩილება:

"თქვენ გინდათ მითხრათ, კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მე ვიქნები... არ წერია კონსტიტუციაში ასეთი რამე. შეუძლებელია სახელმწიფომ თავზე მომახვიოს... სახელმწიფომ მითხრას, რომ გინდა თუ არა მაღაროელი უნდა იყოო, თუ არ მინდა, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი? პარლამენტის წევრობაც არის ასეთივე საქმიანობა, პროფესიაა. მე თუ არ მინდა, კობახიძე პარლამენტარს ვერც ერთ შემთხვევაში გამხდის. საქართველოს კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა იდიოტობაა. თუ მართლა ეგეთი რამე უწერია, იმიტომ, რომ მაგის დაწერილია (კონსტიტუცია), არ ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას", - განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

ქართულ ოცნებას პარლამენტში ამ დროისთვის 75 დეპუტატი გაყვანილი - 61 პროპორციული სისტემით, ხოლო 14 მაჟორიტარულით. 21 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტი არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 1 ოლქის მოგების შემთხვევაში მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებენ.


close დახურვა