logo
ENG



ჯაფარიძე: პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებზე პოზიციები არ დაახლოვებულა

08 დეკ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

ბადრი ჯაფარიძე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთობლივი პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ბოიკოტს გააგრძელებს. 

"ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი", - ამბობს ჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ. 

ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები ოპოზიციის ორ მოთხოვნაზე, ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არის დაშორებული. 

საარჩევნო სისტემის რეფორმისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების საკითხზე კი, ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეების პოზიციები მეტ-ნაკლებად დაახლოვდა

ჯაფარიძე განმარტავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების ნაწილში, შეთანხმება ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას არ გულისხმობს. 

"როდესაც რეფორმირებაზე ვლაპარაკობთ აქ არის მთავარი, როგორი სისტემა ექნება ცესკო-ს შემდეგი არჩევნებისთვის და ამ მიმართულებით, არის ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი", - განმარტავს ლელოს ლიდერი. 

სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც გაიმართება. ჯაფარიძე განმარტავს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების პირობები ხვალ, 9 დეკემბერს შეთანხმდება. 


close დახურვა