"უნდა გავიდეთ რუსთაველზე და უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი პროპორციული არჩევნები"- ამგვარად აფასებს პარტია "გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიმდინარე მოვლენებს. ის ცოტა ხნის წინ გამოვიდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრიდან. როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია და ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ ესაა.
"ბევრი სხვადასხვა იდეა გაჟღერდა. ჩემი პოზიცია ყველაზე მოკლე და გასაგებია. რაც ივანიშვილმა გააკეთა, ამის პატიება შეუძლებელია. აქ ცხოვრება უკვე საშიშია. მგონი იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობას ეს ესმის, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პრინციპებისა და იდეებისა. ესმით, რომ ერთადერთი პასუხია ამ ყველაფრის ვადამდელი არჩევნები. ტექნიკურად, როგორც გავარკვიეთ, შესაძლებელია ვადამდელი არჩევნები პროპორციულად ჩატარდეს. შესაბამისად უნდა გავიდეთ რუსთაველზე და უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი პროპორციული არჩევნები. მთავარია ბევრი ადამიანი მივიდეს რუსთაველზე და ჩემი აზრით გამოვა,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.