logo
ENG



ჯაფარიძე: ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას ხმების გადათვლის საკითხი არც კი განიხილება

14 ნოე 202014:01
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხმების გადათვლის საკითხი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში არც კი განიხილება. 

ჯაფარიძეს ამის თქმით საფუძველი მათ შორის ცესკოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ მისცა, რომელმაც ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საარჩევნო საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

"გირჩის პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ სამართლებრივი გზებით გასვლა იმ შედეგებზე, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ გადათვლა მოლაპარაკების მაგიდასთან  განხილვის საგანი აღარც არის". -ამბობს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში არჩილ თალაკვაძესთან, რომელიც ამ მოლაპარაკებებში ხელისუფლებას წარმოადგენს, რთული საუბარი შედგა, თუმცა, გადაწყვეტილია, რომ გაიმართება შეხვედრის III რაუნდიც. 

"რთული საუბარი იყო, თუმცა, შევთანხმდით იმაზე, რომ ლაპარაკს გავაგრძელებთ. ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან". - თქვა მან ფორმულასთან

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თალაკვაძეს მათთან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, თუმცა, ეს შეთავაზება აღმაშფოთებელი იყო. ბადრი ჯაფარიძემ კი თალაკვაძის შეთანხმებას მიუღებელი უწოდა. მათ დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის, ოპოზიციასთან დიალოგი X მოწვევის პარლამენტში გაგრძელდეს. 

ხმების გადათვლას არც სხვა ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. 

ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ დღეს ხელისუფლება ოპოზიციას კონკრეტულ წინადადებას შესთავაზებდა, თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში კონკრეტული შეთავაზების გარეშე მივიდა. 

თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში  ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით. 

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება. 


close დახურვა