„ივანიშვილი დამარცხდება და ამ დედა აფეთქებულ სისტემას, რომლითაც მათ შორის იჭერენ პოლიტიკურ ლიდერებს, დავშლით ერთხელ და სამუდამოდ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარია, ოპოზიციამ ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მოახერხოს.
„სამოქმედო გეგმა არის ის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს შეთანხმება ერთიან სამოქმედო გეგმაზე და აუცილებლად შევძლებთ ამის გაკეთებას. დღევანდელი დღე ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნაა, იჭერენ ცალცალკე პოლიტიკურ ლიდერებს და ამის მიზანი არის ის, რომ აწიონ მაქსიმალურად ტემპერატურა, მოახდინონ პოლარიზაცია, იყვირებს ისევ რომ იქეთ მხარეს არიან „ნაცები“, აქეთ მხარეს არის კეთილი „ოცნება“, დახარჯავს ბევრს ფულს და შეეცდება, რომ ამით მოიგოს, მაგრამ აღარ გამოუვა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.