ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია მივიდა. ჯაფარიძის ინფორმაციით, მას უთხრეს, რომ ეს უკვე დარღვევის მეორე შემთხვევაა და მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნიან.
"მკითხეს, ისევ ეწევი თუ არა კომერციულ საქმიანობას აქ, მე ვუთხარი, რომ კი, ბარია ჩემი და მითხრეს, რომ ეს არის მეორე შემთხვევა და მასალებს გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამაზე დავიშალეთ", - თქვა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, თუ ბარს დალუქავენ, ის მაინც გახსნის.
ბარის შემოწმების შემდეგ განმარტება შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა გააკეთა:
"განმეორებითობის მასალები გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისინი გააკეთებენ თავის განმარტებას. გუშინ აღნიშნულ ობიექტზე დაფიქსირდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად, იქნა ორგანიზატორი იდენტიფიცირებული, რომელიც იყო ფიზიკური პირი და მის მიმართ იქნა გამოყენებული შესაბამისი სანქცია. დღეს დაფიქსირდა აღნიშნული პიროვნების მიერ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება".
ბარი - ჯაფარასთან გუშინ დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და მისი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული.
ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.