logo
ENG



ჯაფარიძე გვარამიას საქმეზე: შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ჩემი ჩათვლით

11 თებ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
fkfm60ufij4hod6.jpg

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმაურებიან და ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ მართლმსაჯულება იარაღად გამოიყენოს.

„ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია ებრძვის. იმიტომ, რომ იგი არის ოპოზიციური არხის წამყვანი ფიგურა. იგი არის ადამიანი, რომელიც სარგებლობს კრიტიკული პლატფორმით. ზუსტად ამიტომ, ის (ივანიშვილი) მიიჩნევს ნიკა გვარამიას საფრთხედ. ამიტომ, ცდილობს, მართლმსაჯულება გამოიყენოს იარაღად. სწორედ ამიტომ ხდება ეს დაჩქარებული მოსმენები, დაკითხვები და ა.შ. მე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ადამიანის ავადმყოფ ტვინში რა იხარშება არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში დიქტატორებისთვის ყველაფერი შეიძლება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევე რთი წევრი, ლევან ბეჟაშვილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა აქვს არჩეული და ეს რეპრესიებია.

„ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა აქვს წარმოდგენილი და ეს რეპრესიებია. ბუნებრივია, საფრთხე არსებობს, რომ პოლიტიკური ლიდერები და ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ივანიშვილის რეჟიმს, დარტყმის ქვეშ იქნებიან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მოსალოდნელ დაპატიმრებებზე საუბრობს და ამბობს, რომ შემდეგი შეიძლება თავად ჯაფარიძეც იყოს.

„შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩემი ჩათვლით. შეიძლება იყოს მელია, შეიძლება იყოს ხაზარაძე. უკვე ზის მინიმუმ 3 პოლიტპატიმარი - რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა. სამი იქნება თუ ხუთი ამას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. ქვეყანაში პოლიტიკური დევნილები გყვავს და ამას ასე აფასებს დასავლეთი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილის ამოცანაა, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება.

„რაც შეეხება სხვა ადამიანებს. როგორც ჩანს ოცნება ფიქრობს, რომ სხვასაც დააკავებენ ვისზეც სისხლის სამართლის საქმეებია. შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ივანიშვილის ამოცანაა, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2-ის" ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. 

გვარამიას ბრალად ედება, „რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. გვარამიას ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გარდა ამისა, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. ზურაბ იაშვილს, მას ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა - მას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კახა დამენიას კი  გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედავება, მასაც 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.


close დახურვა