logo
ENG



ჯაფარიძე ენუქიძეზე: თუ პარლამენტში შევიდა, ოცნებას ეყოლება არა 90, არამედ 91 დეპუტატი

23 დეკ 202015:43
3 წუთის საკითხავი
clock 1423
ჯაფარიძე ენუქიძეზე: თუ პარლამენტში შევიდა, ოცნებას ეყოლება არა 90, არამედ 91 დეპუტატი

პარტია გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე პატრიოტთა ალიანსის სიის მეოთხე ნომრის საკანონმდებლო ორგანოში შესაძლო შესვლას ტვ პირველის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლება და რეალურად, ოცნება კიდევ ერთ დეპუტატს მიიღებს. 

ჯაფარიძის თქმით, ენუქიძე ან მოისყიდეს, ან შეიტყუეს, ან მთელი ცხოვრება პარლამენტში შესვლაზე ოცნებობდა.

"მე არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ენუქიძე, ცხოვრებაში არ გამიგია, არ მსმენია. არ მჯერა, რომ უცებ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ავთანდილ ენუქიძე არის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც სავსე აქვს თავი იდეებით, როგორ უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და რაღაც რეფორმების პაკეტით შევიდა პარლამენტში და ხვალიდანვე დაიწყებს კანონების ინიცირებას. ეს ადამიანი, ან იყიდეს, ან შეიტყუეს ამითი, ან ამ ადამიანს მთელი ცხოვრების ოცნება ჰქონდა, რომ რამენაირად პარლამენტში აღმოჩენილიყო. მესამე ვერსია, რომ მნიშვნელოვან ინიციატივებს დააყენებს, მე მაგის არ მჯერა. ჩათვალეთ, თუ ის შევიდა, იქნება ოცნების არა 90, არამედ 91 დეპუტატი. ეგ არის და ეგ", - განაცხადა  ჯაფარიძემ.  

პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვიტავს როდის შევა პარლამენტში.

"გადავწყვიტე მანდატზე უარი არ ვთქვა და როდის შევალ... როცა გადავწყვეტ შევალ. მე დავაფიქსირე, რომ მანდატს არ ვტოვებ და რა იქნება შემდეგ, მაგას ვნახავ", - აცხადებს ენუქიძე.

პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო არჩევნებში 4 სადეპუტატო მანდატი ერგო. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა მანდატის შეწყვეტის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.

 


close დახურვა