გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ IRI-ის მიერ ისევე ფინანსდება ქართული ოცნება, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ რამდენიმე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შემდეგაც გრანტებს იღებენ და ამ ფულს პოლიტიკაში მოიხმარენ.
პარლამენტის სპიკერი ასევე ამბობს, რომ IRI-ის ფულით "რევოლუციური სცენარის დანერგვის" დაფინანსება ხდება.
ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება იმ პროცესის გაგრძელებაა, რასაც ვერ მიაღწიეს რუსული კანონით და მათი მიზანია, რომ დასავლეთიდან შემოსული დაფინანსებები შეჩერდეს.
"IRI ისევე ეხმარება ქართულ ოცნებას და ალბათ ყველაზე მასშტაბურად მათ ეხმარება პარტიული სტრუქტურების შენებასა და მსგავს რაღაცებში, როგორც ეხმარება სხვა პარტიებში. ამაში ახალი არაფერი უნდა იყოს, ცხადია პაპუაშვილმა ეს ყველაფერი იცის. რისი მიღწევაც უნდათ, მიზანი არის ის, რასაც ვერ მიაღწიეს ე.წ რუსული კანონით. მიზანი არის ის, რომ დასავლეთის დაფინანსება, რომელიც შემოდის ამ ქვეყანაში, მათ შორის, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს პარტიის მშენებლობაში და შიდა დემოკრატიის განვითარებაში და მსგავს რაღაცებში, რაც ხდება ამ ქვეყანაში ბევრი წელია, მიზანია, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. ამ ქვეყანაში პარტიული დაფინანსების მოძიება ისედაც არის რთული, ჩვენი პარტია არის თავიდან ბოლომდე თვითდაფინანსებაზე, გვყავს რიგითი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაფინანსებენ, ეს არის ძალიან მწირე რესურსი. ვერც ერთ ქართულ "მსხვილ ბიზნესს" ვერ იპოვით, რომელიც გაბედავს და წავა სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაბედავს ოპოზიციის დაფინანსებას. ამიტომ, თუ რაღაც რესურსი არსებობს, ეს არის ეგეთი რესურსი: IRI, NDI და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ პარტიებს"- თქვა ჯაფარიძემ.