გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხი, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს პარტიებისვე შიგნით.
ფორმულას ეთერში მანვე აღნიშნა, რომ საერთო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გირჩი ამის ერთგულიც იქნება.
"ვერ დავასახელებ კონკრეტულ სუბიექტებს. არის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც თქვეს, რომ კონსულტაციები სჭირდებათ პარტიის შიგნით, არის პარტიები, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ სიას და გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ვერავინ შევა. რთული სიტუაციაა. კონსულტაციები გასაგრძელებელია. საბოლოოდ, თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ, გირჩი ამ შეთანხმების ერთგულიც იქნება", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ შეძახილებით "წადი! წადი!" მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.