logo
ENG



ჯაფარიძე რიკერზე: ავუხსენით, რომ ინსტიტუტები არ არსებობენ, ამიტომ ამ გზით ბრძოლა უშინაარსოა

18 ნოე 202017:25
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/18/ubd6tp8xerzw521.jpg

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიისა და ევროპის ხელმძღვანელთან ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე, რომელიც პომპეოს ვიზიტის შემდეგ დარჩა ქვეყანაში, ოპოზიციის ხედვები და გეგმები განიხილეს.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა პირდაპირი მოწოდება პარლამენტში შესვლის შესახებ, თუმცა იყო შემოთავაზება ბრძოლის ინსტიტუტების გამოყენებით გაგრძელებაზე, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ თავისუფალი სამყაროს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს. 

"არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც არის, თუმცა კი, მისი მხრიდან შემოთავაზებული იყო ის, რომ ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად სასამართლო, ან საარჩევნო კომისია, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა. თავს ხომ არ მოვიტყუებთ? - ასე ავუხსენით ზუსტად", - ამბობს ჯაფარიძე. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებები. 

"შევეხეთ მათ შორის მეორე რაუნდს მოლაპარაკებების, რა სიტუაცია იყო, საბოლოოდ როგორ დასრულდა და ჯამში, რომ ველოდებით მესამე რაუნდს, სადაც ხელისუფლების მოედანზე არის ახლა ბურთი", - ამბობს ჯაფარიძე. 

ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების პარლამენტის შიგნით გადატანისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნებზე აღმოჩენილი უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად და საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციამ პარლამენტიდან უნდა იბრძოლოს. 

"ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ მხარდამჭერებმა იმისთვის აგირჩიეს, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და  მოახდინოთ ცვლილებები.

ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პომპეოს ვიზიტის პარალელურად.  

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. მათი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. 

პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არცერთი დააკმაყოფილა. 

ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 


close დახურვა