გირჩის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გიგი უგულავას განცხადებაზე საუბრისას თქვა, რომ ოპოზიურ პარტიებს შორის ერთმანეთის კრიტიკა "ჩვეულებრივი ამბავია", რადგან ისინიც კონკურენტები არიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ამ ყველაფრის მიღმა ჩვენ კონკურენტები ვართ და ერთმანეთის კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია, თუ რაიმე არ მოგვწონს. საქართველოში პირველად ჩვენ გვაქვს არჩევნების თითქმის პროპორციული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციას ორი მიზანია გააჩნია. პირველი ხელისუფლების ცვლილებაა და მეორე - ამომრჩეველს უნდა დავანახოთ პარტიებს შორის განსხვავებები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ჩაშალა თუ არა ოპოზიციური ერთობა მიხეილ სააკაშვილმა, გირჩის ლიდერმა უპასუხა, რომ ერთიანი ოპოზიცია, როგორც ასეთი, არც არსებობდა. მისივე თქმით, არსებობს ერთი კოალიცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გარშემოა, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები მათ შორის, გირჩიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ.
მისივე თქმით, ოპოზიციას საერთო ინტერესები ჰქონდა, როდესაც ხელისუფლებისგან პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდა. ასევე, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საერთო მაჟორიტარებზე.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას". ვიდეომიმართვაში უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. მისი თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა.