logo
ENG



ჯაფარიძის თქმით, ლელო ორშაბათს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

20 აგვ 202123:05
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძის თქმით, ლელო ორშაბათს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

ლელო საქართველოსთვის ორშაბათს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. ამაზე პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა კომენტარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო კვირაში ისინი წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შედიან. 

ამასთან, ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ ლელოს მიერ შერჩეული დედაქალაქის მერობის კანდიდატი მათივე პარტიის წევრია. 

"ჩვენ ორშაბათს გვექნება წარდგენა, ვგულისხმობ თბილისის ნაწილს და შემდგომი კვირა მიეძღვნება სხვადასხვა რეგიონში ჩვენი კანდიდატების წარდგენას. ჩვენ შევდივართ აქტიურ ფაზაში წინასაარჩევნო კამპანიის. მთელი ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველგან და გვეწარმოებინა კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან", - თქვა ჯაფარიძე.

მან ასევე ისაუბრა რეგიონებში შერჩეულ კანდიდატებზე და თქვა, რომ ოპოზიციას თითოეული რეგიონის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს.

"ჩვენ ამ არჩევნებზე გავდივართ ცალკე, როგორც ლელო საქართველოსთვის, რიგ რეგიონებში ალბათ არ გვეყოლება მერობის კანდიდატები გამომდინარე მიზანშეწონილობიდან. არის რეგიონები, სადაც იქნება მხოლოდ ლელოს კანდიდატი, არის რეგონები, სადაც იქნებიან ლელოს კანდიდატებიც და სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც. საკმაოდ განსხვავებული მიდგომები გვაქვს თითოეული რეგიონის მიმართ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ოპოზიციის მერობის კანდიდატების ნაწილი ცნობილია. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - ელენე ხოშტარია. 

რაც შეეხება რეგიონებს, ფოთში გაერთიანებული ოპოზიცია გიგი უგულავას წარადგენს, ლაჩხუთში ლია მუხაშავრიას, ბათუმში - კი გიორგი კირთაძეს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა