საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას არაერთხელ მიეცა გაფრთხილება.
როგორც საგანგებო განცხადების გაკეთებისას ჯაღმაიძემ აღნიშნა, მამა ანდრია სარიას ქმედებების გამო, ის ეკლესიიდან განკვეთასაც იმსახურებდა.
„თითონ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში კომისიის მიერ მიეცა გაფრთხილება, მაგრამ მისი მხრიდან ამას სრული იგნორირება მოყვა. მამა ანდრია სარიამ იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოსა და იერარქების მიმართ. გამომდინარე აქედან, მამა ანდრია სარიას მმართველმა მღვდელმთავარმა, ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელ მის განცხადებებს გადახედეთ - საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე, საპატრიარქო არის სადამსჯელო ორგანიზაცია, პატრიარქის გარემოცვა ბანდაა და მსგავსი განცხადებები.
ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ იყო შესაძლებელი მამა ანდრია სარიას მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს, მისი ეპარქიაში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ მღვდლისგან, რამდენ ხანში გაუჩერებდნენ მღვდელ მსახურებას. ეს არის პატრიარქის გულმოწყალება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მღვდელმსახურება შეუჩერეს მამა ანდრიას, განკვეთასაც გულისხმობს. ამ ფონზე არის შეღავათიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა.