საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ოთარ სირაძესა და მის ძმას, დავით სირაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს. საქმე ამბროლაურში სირაძესა და „ახალგაზრდა მწვანეებს“ შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 04 ივლისს, ქ.ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის 4 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს ფიზიკურად დაუპირისპირდა.