logo
ENG



ჯეირანაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე: ყველაფერი იქით მიდის, რომ ჰააგაში პროცესს წავაგებთ

15 აგვ 202012:23
3 წუთის საკითხავი
clock 3106

Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ, შესაძლოა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავა წააგოს.

როგორც ჯეირანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მიზეზი საკითხის მიმართ უყურადღებობა და მხარდაჭერის არარსებობაა.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი იქით მიდის, რომ წავაგებთ ამ პროცესს. მიზეზი ბევრია, თუმცა უმთავრესი მაინც ინტერესის ნაკლებობაა, მარტივად რომ ვთქვათ - არ გვაინტერესებს და არასერიოზულად ვუდგებით. სხვაგვარად აუხსნელია როგორ შეიძლება ასეთმა საქვეყნო მნიშვნელობის პროცესმა მხოლოდ 1-2 ადამიანზე გადაიაროს. მე-5 წელია უკვე ასეა და საბოლოოდ ეს ადამიანებიც გამოვეთიშებით პროცესებს, რადგან ამ საქმიანობის მხარდაჭერა არავის უნდა.

რაში გამოიხატება წაგება - არ დამტკიცდება რუსების მიერ დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად არ გაიცემა რუსი სამხედრო/პოლიტიკოსი/სამოქალაქო პირების მიმართ დაკავების ორდერები. ანუ არც დამნაშავეების სასამართლოსთვის გადაცემა მოხდება, არც გამამტყუნებელი განაჩენები დადგება და არც დაზარალებულთა რეპარაციები გაიცემა.

რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ ქართველებს არ შეეხებიან, ანუ არც ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ გაიცემა ორდერები. ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში ასეა.

რაც მნიშვენლოვანია და რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ოსების წინააღმდეგ გაიცეს ღია დაკავების ორდერები.

შემდეგ წელს დასრულდება გამოძიება, სამწუხაროდ მაგ დროისთვის ჩვენი ორგანიზაცია უკვე გამოთიშული იქნება პროცესებისგან. სამწუხაროა, რომ არ გვეყოლება იურისტთა გუნდი, რომელიც შეძლებს დაზარალებულთა ინტერესების დაცვას და სასამართლოში ოფიციალურ წარმომადგენლობას“, - წერს ჯეირანაშვილი.

შეგახსენებთ, 12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეეწირა.


close დახურვა