logo
ENG



ჯიპას სტუდენტური მოძრაობა: კვლავ იქ ვიდგებით, სადაც ქვეყნის ინტერესებს საფრთხე დაემუქრება

04 აპრ 202401:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/04/ear3bo3g54xo7m4.jpg

ჯიპას სტუდენტური მოძრაობა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინცირებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სტუდენტები კვლავ იქ იდგებიან, სადაც ქვეყნის ინტერესებს საფრთხე დაემუქრება. 

მათი თქმით, ე.წ აგენტების, ჰომოფობიური და გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აფერხებს და დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს უქმნის. 

"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები, რომლებიც მუდმივად ვართ დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერები, გამოვხატავთ მკვეთრ შეშფოთებას მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში გაცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

ე.წ. აგენტების, ჰომოფობიური და გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტები, რომლებსაც ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იღებს, არ ემსახურება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და მეტიც, გვაფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული ინიციატივები ატარებენ რუსულ ელფერს და საფრთხეს უქმნიან დემოკრატიული, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების იდეას. მმართველი პარტიის წინა მცდელობა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებმა შეაფასეს როგორც შავი დღე საქართველოს დემოკრატიისთვის და ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებმა გამოვხატეთ პროტესტი, რომელიც ძალადობრივად იქნა დარბეული. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია კვლავ ცდილობს წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საკუთარი ძალაუფლების შესანაჩუნებლად უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

სტუდენტები კვლავ იქ ვიდგებით, სადაც საფრთხე დაემუქრება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, დემოკრატიას, სამართლიანობას და თანასწორობას", - ნათქვამია განცხადებაში. 

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა. 

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.


close დახურვა