ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მოწამლული იგივე ნივთიერებით, რა ნივთიერებითაც რამდენიმე წლის წინ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. საუბარია ნოვიჩოკზე.
ჯიშკარიანის თქვით, ემპათია თავის დასკვნაში სპეციალური ტესტების ჩატარებასაც მოითხოვს, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლას გამორიცხავს. როგორც ჯიშკარიანმა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, ნოვიჩოკით მოწამვლის ვარაუდი მესამე პრეზიდენტის ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ გააჩინა.
"ჩვენ ვდგავართ ინტოქსიკაციის პრობლემის წინაშე. შესაძლებელია მძიმე მეტალებით და შესაძლებელია, ახლა ჩვენ ახალ დასკვნაში, ახალ ანალიზებს ვითხოვთ, რაც არის ფოსფორორგანულ ნაერთებზე მოწამვლის ტესტები. ნავალნი როგორც იყო მოწამლული და შესაბამისად ის საჭიროებს სპეციალურ ღონისძიებებს, სპეციალურ დეტოქსიკაციას. შესაბამისად სოფლის ორღობეებში რომ ვატაროთ ეს ადამიანი, ამის დრო არ არის. ეს არის ჩემი მოსაზრება, მჭირდება გარკვეული ტოქსიკოლოგიური კვლევები ამ მიმართულებით და ეს თუ არ ჩატარდება, სადაც არ უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი, მაინც ჩატარდება ეს კვლევები, იმიტომ რომ ის ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, რაც ახლა მთელ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ანგრევს, ძალიან წააგავს ამ ფოსფორორგანული ნივთიერებებით ინტოქსიკაციას...
გერმანიიდან ჩვენმა ქირურგმაც დაადასტურა, რომ სურათი ძალიან ჰგავს ამ ვერცხლის წყლით ინტოქსიკაციას, მაგრამ მთლიანობაში თუ განვიხილავთ - აქ არის ნეირო-ტოქსიკური მოქმედების რაღაც გამოყენებული, სავარაუდოდ და ამას სჭირდება გამორიცხვა. მისი კლინიკური სურათი, ამ ქრონიკული ინტოქსიკაციის სურათი, სწრაფმავლად მისული დემენცია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი არის", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
***
ნოვიჩოკი - ორგანოფოსფორული წარმოშობის ნერვული აგენტების ოჯახი. შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში. მიჩნეულია ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად რაც ოდესმე შექმნილა.
2018 წლის 12 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გრუ-ის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამვლისას გამოყენებულ იქნა ნოვიჩიკო. შემთხვევა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: "ან ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა მის ხელთ არსებულ დამანგრეველ ნერვულ აგენტზე, და ნება მისცა იგი სხვების ხელში მომხვდარიყო". რუსეთის მხარემ უარი თქვა რაიმე პასუხის გაცემაზე ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის რეისით მგზავრობისას, თვითმფრინავში ცუდად გახდა. ხომალდის ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში, სადაც ბორტს სასწრაფო დახმარების ექიმები დახვდნენ და ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ოჯახის მოთხოვნით ნავალნის გადაყვანა სამკურნალოდ გერმანიაში, ბერლინის შარიტეს კლინიკაში მოხდა. განსხვავებით რუსი ექიმებისგან, რომლებიც უარყოფენ ნავალნის მოწამვლას, გერმანული კლინიკის მიერ, 2020 წლის 2 სექტემბერს პრესისთვის გავრცელებული ოფიციალური განცხადებით დადასტურდა ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტი. იმავე დღეს ცნობილი გახდა ბუნდესვერის სპეციალისტების მიერ ნავალნისგან აღებული ნიმუშების ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი, რომლის თანახმად, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა ნოვიჩოკის ოჯახის ნერვული აგენტის კვალი.