გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი და ოჯახის ადვოკატი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ. მარიამ ჯიშკარიანმა და მიხეილ რამიშვილმა ომბუდსმენის აპარატს მათზე მიმდინარე ზეწოლისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატის გარდა, დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და Facebook-საც მიმართავს, რათა ერთობლივად იბრძოლონ ტროლებისა და ბოტების წინააღმდეგ.
„სახალხო დამცველის ოფისს მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი და გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. სახალხო დამცველი თავის შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. რაც შეეხება ტროლებს, ბოტებსა და ა.შ. ამაზე სახალხო დამცველი რეაგირებას ვერ მოახდენს, მაგრამ ჩვენ ჩავრთავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მივმართავთ Facebook-ს, რათა მოხდეს ამგვარი ტროლებისა და ბოტების დამუნჯება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
თავის მხრივ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ აპარატი მზადაა ბაჩალიაშვილის საქმეში უშუალოდ ჩაერთოს.
„სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ კუთხით შეხვდეს. ბუნებრივია, ვაკვირდებით პროცესს, საჯაროდ მიმდინარეობს, ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ მიმდინარე საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მისცემს პროკურატურა თანხმობას საქმის მასალების გაცნობაზე. ამ კუთხით პროკურატურასთან კომუნიკაცია არ გვქონია, არც ოჯახთან, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, თუ კი დაინტერესება იქნება, შევხვდეთ ოჯახის წევრებს“, - აცხადებს ბურჯანაძე.
ცენტრი „ემპათია“, რომლის ექსპერტი რამდენიმე გახმაურებული საქმეშია ჩართული, მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს.
ცენტრის იურისტის გიორგი ლემონჯავას განცხადებით, „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის, ცენტრის დამოუკიდებელი ექსპერტის გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ზეწოლა.