ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება. ჯო ბაიდენმა ის პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა.
ვიქტორია ნულანდს 32-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. მუშაობდა 5 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, ორივე პოლიტიკური პარტიიდან. სამსახურიდან ის დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა.
2005-2008 წლებში ვიქტორია ნულანდი იყო აშშ-ის ელჩი ნატოში.
2013-2016 წლებში ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი საქართველოში ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდა.
2016 წლის ივნისში ნულანდი რუსეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
2020 წლის ზაფხულში, გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიპლომატი წერდა, როგორ უნდა მიუდგეს რუსეთს აშშ: შეიქმნას გაერთიანებული გლობალური ფრონტი რუსეთის სამხედრო აგრესიის შესამოწმებლად და შესაკავებლად; შეიმუშავოს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, დაწესდეს სანქციები, და დიპლომატების ძალისხმევა უშუალოდ რუსი ხალხისკენ მიემართოს.