logo
ENG



ჯონსონი: რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება

24 თებ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება.

აქტივების სრული გაყინვა დაეკისრა რუსეთში სიდიდით მეორე სახელმწიფო VTB ბანკს. აღსანიშნავია, რომ VTB ბანკის აქციების ფასი დღეს 41%-ით დაეცა.

ჯონსონის თქმით, რუსული ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან და რუსეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა.

ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან ბრიტანეთი დიდ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას შეუზღუდავს.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ასევე შეიზღუდება იმ თანხის ოდენობა, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში შეეძლებათ.

ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ იმ უახლესი სანქციების დასახელება დაიწყო, რაზეც დასავლელი ლიდერები ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ. პრემიერმა ვლადიმერ პუტინს "სისხლიანი აგრესორი" უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინელები ოკუპანტებისგან მტკიცედ იცავენ თავს.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა