ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეიარაღებული კაცი ავტომობილთ შევარდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, კაცი აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალის ტერიტორიაზე, მანქანაში იმყოფება. მან 2-ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა. ასევე სხვადასხვა მედია წერს, რომ მან მანქანიდან მოლოტოვის კოქტეილებიც ისროლა.
პოლიცია ამ ეტაპზე კაცთან კომუნიკაციის დამყარებას და მოლაპარაკებას ცდილობს. ცნობილია, რომ მანქანაში კაცთან ერთად ორი ბავშვი იმყოფება.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ტერიტორიაზე შეჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ჰამბურგის აეროპორტი ამ დროისთვის არ მუშაობს და ყველა ფრენა შეჩერებულია.