ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელის მხარდაჭერას უცხადებს ომბუდსმენის საქმიანობას და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭოს დასკვნებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
"დამოკიდებული ვარ მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძლიერია სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ. ასევე, მისი როლის მიმართ, რომელიც სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობას და მისი უფლებების დაცვას უკავშირდება. ასევე, ეს ეხება ობიექტურ სამედიცინო რჩევებს, რომ ყველამ სათანადოდ შეაფასოს სააკაშვილის მდგომარეობა და გაითვალისწინოს რეკომენდაციები. ეს არის გადამწყვეტი.
ის, რაც ბოლო 24 საათში ვნახეთ, გვახსენებს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის წინა პლანზე დაყენება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს", - თქვა ჰარცელმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩიხიდან გამოსვლა და სათანადო ნაბიჯების გადადგმა.
"როდესაც საქმე ეხება არსებულ სიტუაციას, დროა ვიფიქროთ, ჩიხიდან გამოსვლაზე და სათანადო ნაბიჯების გადადგმაზე, რომ ეს ვითარება მოგვარდეს ისე, რომ წინ წავწიოთ საკითხები ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე", - თქვა ჰარცელმა.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.