logo
ENG



ჰარცელი: მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა

11 ნოე 202102:06
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა
ფორმულა/ვახო ქარელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა და ამას "მხედველობაში მიიღებენ". ამის შესახებ ელჩი ინტერპრესნიუსს ესაუბრა.

იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია  სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ მისი უფლებების სრულ პატივისცემას. 

"მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება", - ამბობს ელჩი.

ჰარცელის თქმით, მხედველობაში იღებენ იმ ვითარებასაც, რომ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. როგორც ის განმარტავს, ევროპული კონვენციის თანახმა, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ პირებს უფლება აქვთ თავი დაიცვან პირადად ან ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.

მხედველობაში ვიღებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება", - განაცხადა ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩი ინტყერვიუში აღნიშნავს იმასაც, რომ კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მათი შესრულება. 


close დახურვა