logo
ENG



ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს: თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ

31 დეკ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და გავრცელებულ განცხადებაში 2020 წელს აჯამებს. ელჩის თქმით, 2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. ჰარცელი იმედოვნებს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელსაც დღეს პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავენ, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

ჰარცელი განცხადებაში პანდემიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირთულის მიუხედავად, 2020 წელი იყო თანამშრომლობისა და სოლიდარობის წელი.

"2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემ ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა", - აცხადებს ჰარცელი.

ჰარცელი განცხადებაში განსაკუთრებულ მადლობას სამედიცინო პერსონალს უხდის. ჰარცელის თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა.

"საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა", - აცხადებს ჰარცელი.

მიმართვის ბოლოს, ჰარცელი იმედოვნებს, რომ კოვიდ 19 დამარცხდება და საქართველო და ევროპა ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.



close დახურვა