logo
ENG



ჰერჩინსკი: ახლა არის დრო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის გაერთიანება მოხდეს

08 ნოე 202321:08
3 წუთის საკითხავი
 
ჰერჩინსკი: ახლა არის დრო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის გაერთიანება მოხდეს
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემდგე ეტაპზე გადასასვლელად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების მოგვარება მნიშვნელოვანი იქნება. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს დათქმები შესრულდეს, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. ის აღნიშნავს, რომ ახლა საუკეთესო დროა გაერთიანებისთვის.

"მინდა ყველა თქვენგანს მოგილოცოთ, საქართველოს ხალხს, თქვენ ძლიერად და თანამიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს გახლავთ ძალიან დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესისა, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში, ყოვლისმომცველი საჯარო მხარდაჭერისთვის ევროკავშირის წევრობისადმი. დღეს, როდესაც საშინელი მკვლელობა მოხდა რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქისა და რომელსაც ჩვენ ვგლოვობთ, ვფიქრობ, ევროკომისიის გადაწყვეტილება მისცემს ბიძგს ოკუპირებულ ტერიტორიებს უფრო დაუახლოვდეს დანარჩენ ქვეყანას და მიგვიყვანოს საქართველოს ტრაგიკული დაყოფის მშვიდობიან მოგვარებამდე.

დღევანდელმა პოზიტიურმა რეკომენდაციამ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ხედავს საქართველოს როგორც წამყვან პარტნიორს რეგიონში, რომელმაც შეიძლება ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მშვიდობისა და სტაბილურობის მოტანაში საქართველოს სამეზობლოში. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიბმულია შემდგომ რეფორმებს. იმ ნაბიჯების მოგვარება, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა, იქნება მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ ეტაპზე მოხდეს ქვეყნის გადასვლა. ამ ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოს სჭირდება შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ, რომ ამჟამად არის დრო, მოხდეს გაერთიანება, ძალების შეკავშირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მე მოწმე ვიყავი მრავალჯერ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ თქვენ ძალიან დიდი რაღაცების გაკეთება შეგიძლიათ", - განაცხადა მან პრეზიდენტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე [სინქრონული თარგმანი].

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.


close დახურვა