ჰონგ-კონგის უნივერსიტეტებში ტიანანმენის პროტესტებისადმი მიძღვნილ ძეგლებს იღებენ.
ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტში აიღეს დემოკრატიის ქალღმერთის ძეგლი, ხოლო ლინგანის უნივერსიტეტში - რელიეფური სკულპტურა. წინა დღეს კი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში პროტესტისადმი მიძღვნილი ცნობილი ძეგლი - სირცხვილის სვეტი - მოხსნეს.
დემოკრატიის ქალღმერთის ძეგლი შექმნილი იყო იმ ძეგლის მოდელის მიხედვით, რომელიც 1989 პროტესტისას სტუდენტებმა შექმნეს და მოედანზე დარბევამდე ცოტა ხნით ადრე დადგეს.
ძეგლების აღება იმ ფონზე მიმდინარეობს, რომ პეკინი ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ცდილობს, ჩაახშოს ჰონგ-კონგის პოლიტიკური იდეოლოგიური სხვაობა.
1989 წელს პეკინში, ტიანანმენის მოედანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. საპროტესტო მოძრაობებში ძირითადად სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ძირეულ პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვდნენ. ათასობით ადამიანი კვირაობით იდგა ქუჩაში, თუმცა ივნისში სამხედროებმა ისინი სასტიკად დაარბიეს და ცეცხლი გაუხსნეს.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დარბევის დროს 200-მდე მოქალაქე და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაიღუპა. ალტერნატიული მონაცემებით, მსხვერპლთა რაოდენობა რამდენიმე ათასს ცდება.