ჰონგ-კონგში დივერსიის საქმეზე 14 პროდემოკრატი აქტივისტი დამნაშავედ ცნეს, ორი კი გაამართლეს. ჰონგ-კონგში ოპოზიციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასამართლო პროცესის გადაწყვეტილება გამოიტანეს თითქმის სამი წლის თავზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ დილის რეიდების შედეგად 47 პროდემოკრატი აქტივისტი დააკავა.
დაკავებულებს დივერსიული საქმიანობის მიზნით შეთქმულებას ედავებოდიან. ბრალი კი აქტივისტებს ჩინეთის მიერ შემოღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის მიხედვით წაუყენეს.
გასამართლებულებისთვის სასჯელის ზომა მოგვიანებით განისაზღვრება: სასჯელი 3-დან უვადო პატიმრობამდე მერყეობს. 31-მა დაკავებულმა ბრალი აღიარა, ოთხი მათგანი ბრალდების მხარის მოწმე იყო.
აშშ-მა და რამდენიმე ქვეყანამ სასამართლო პროცესი გააკრიტიკეს და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. რამდენიმე ქვეყნის დიპლომატი, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, პროცესებს ესწრებოდა.
2019 წელს ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მიტინგები მიმართული იყო პეკინის გეგმის წინააღმდეგ, მიეღო კანონი, რომელიც პროდემოკრატების აზრით, დაარღვევდა ჰონ-კონგის გარანტირებულ თავისუფლებას, რომელიც მან 1997 წელს ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნებისას მიიღო.
2020 წელს პეკინმა საბოლოოდ მიიღო სადაო კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რასაც აქტივისტების დაკავებები, ასევე ლიბერალური მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა მოყვა.
ოდესღაც აქტიური ქუჩის მსვლელობები, დემონსტრაციები პოლიციის ინტენსიური მუშაობის ფონზე აღარ იმართება.
პეკინი ამტკიცებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი ქვეყნის სტაბილურობას უწყობს ხელს და ადამიანების უფლებები დაცულია.
ბრალდებულებების დიდი ნაწილი პატიმრობაში 2021 წლის 23 თებერვლიდან იმყოფება. დაკავებულებს შორის არიან დემოკრატი დეპუტატები.