გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უბედურ შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 62 წლის კაცი გზის პირას ჭაში ჩავიდა, რათა წყალი სოფლის სხვა უბანზე გადაემისამართებინა, თუმცა ამოსვლა ვეღარ შეძლო. მის დასახმარებლად ჭაში ჩავიდა შვილიც, თუმცა ამოსვლა მანაც ვერ მოახერხა.
ისინი ჭიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.