logo
ENG



​საძაგლიშვილი: საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ რეანიმაციაში ვერ შეგვიშვებდნენ

19 ნოე 202114:30
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ N18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცეს. 

საძაგლიშვილის განცხადებით, მას თავიდან უთხრეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეძინა და როდესაც გაიღვიძებდა, შემდეგ შეუშვებდნენ, თუმცა ადვოკატის თქმითვე, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მას უთხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეუძლია შესვლა.

"დღეს გამოვცხადდი N18 დაწესებულებაში, მსურდა მიხეილ სააკშვილის მონახულება. განმიმარტეს, რომ მას ეძინა და რომ გაიღვიძებდა შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ მასთან, თუმცა დაახლოებით საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ მასთან", - თქვა საძაგლიშვილმა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ შემდეგ ესაუბრა ციხის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელმაც უთხრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"ვესაუბრე N18 დაწესებულების მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ღამე გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია გარკვეული კვლევები ჩატარდა, თუმცა ყველას პასუხი ჯერჯერობით არაა მოსული.

ასევე განმიცხადა, რომ დღეს მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და გადაწყდება, რა იქნება მომდევნო ნაბიჯები. თუმცა, ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელი ექიმების შეკრება იგეგმება ან როდის იქნება შეხვედრა, არანირი ინფორმაცია არ მოუწოდებია", - თქვა საძაგლიშვილმა.

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.


close დახურვა