ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პარლამენტში იმყოფებოდა. შეხვედრა დეპუტატ გია ჟორჟოლიანთან გაიმართა. პარლამენტის წევრის თქმით, მათ გახმაურებულ შეწყალებებზე არ უსაუბრიათ და მომავალი არჩევნების გეგმები განიხილეს. თუმცა, ჟორჟოლიანმა იქვე დაამატა, რომ ზურაბიშვილის მიერ ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალება არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ჟორჟოლიანის ნათქვამი დაადასტურა ოთხმეზურმაც და განაცხადა, რომ შეწყალებაზე არც უსაუბრია და ამ თემაზე არც კომენტარს აკეთებს.
გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში არავის დაკითხვის პრობლემა იქნება. უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის განცხადებით, კომპეტენტური უწყება აცხადებს, რომ ზურაბიშვილის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს. თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალებებზე აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას სამმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. სახალხო დამცველი კი პრეზიდენტს მოუწოდებს დროულად მოხდეს შეწყალების წესების შემუშავება. ლომჯარიას თქმით, კითხვები არსებობს ზურაბიშვილის არჩევის დღიდან განხორციელებულ შეწყალებებზეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არიან პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.
ამ ფაქტმა, საზოგადოების დიდი ნაწილის, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ზურაბიშვილმა შეწყალებაზე 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო.