logo
ENG



„ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობს

19 ნოე 202623:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/19/1ovbfx52svx9mxf.png

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, კორპუსში გაზის დანადგარების გამართულობა ბოლოს 2026 წლის იანვარში შემოწმდა, თუმცა კონკრეტულად აღნიშნული ბინა დაკეტილი იყო და 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. 

„კონკრეტულად ამ პიროვნებასთან, ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტომ, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. სულ რომ 25 თეთრის გაზი დაეწვა, მიუვიდოდა ელექტრონული ქვითარი. ჩვენ რა ქვითრებიც გვაქვს გაგზავნილი დეკემბრის შემდეგ, არის ნული ლარი“, — განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ „TV პირველის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, კომპანიის თანამშრომელმა მეზობლების დახმარებით შეძლო მეპატრონესთან დაკავშირება და ბინის შესამოწმებლად გაღება სთხოვა, რაზეც მესაკუთრემ უპასუხა, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაუშვებდა კომპანიის წარმომადგენლებს ბინაში. ლეფსვერიძის ვარაუდით, მეპატრონემ ბინა, სავარაუდოდ, აფეთქებამდე ერთი დღით ადრე გააღო.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქება 19 ნოემბერს, დილით მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის ბავშვი, ხოლო ბინის მეპატრონე, 31 წლის კაცი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.


close დახურვა