logo
ENG



„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

17 ნოე 201911:32
3 წუთის საკითხავი
 
99u9y2qmct6u4h3.jpg

თბილისში დაგეგმილ აქციას, რომელიც 15 საათზე გაიმართება, რეგიონებიც უერთდებიან. დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და დედაქალაქისკენ გამოემგზავრნენ.

„დღეს რუსთაველის გამზირზე უნდა გადაწყდეს, რას ვირჩევთ ჩვენ - ავტორიტარიზმს თუ დემოკრატიას, ღირსებას თუ ერთი პატარა ოლიგარქის ახირებებზე შეგუებას? ივანიშვილმა თავისი იმიტირებული ამბოხით სულში ჩააფურთხა ქართველ მოსახლეობას და ჩვენი მთავარი მონაპოვარი: დემოკრატია, პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, მისი უმთავრესი დანაპირები პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება დადგა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. მათთვის, ვისაც აფიქრებს თავისი შვილების ხვალინდელი დღე და ვისაც სჭირდება თავისუფალი საქართველო დღეს, ძალიან ნათელია გააკეთოს ანალიზი არსებულ სიტუაციას შორის. ჩვენ ქუთაისიდან მიმავალი ადამიანების ჯგუფი ვუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და მოვუწოდებთ ყველა ადამიანს შემოუერთდნენ და ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ოლიგარქს. ერთად ერთის წინააღმდეგ,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი.

აქციას ასევე შეუერთდებიან, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების წევრებიც. თბილისში გამოემგზავრნენ მხარდამჭერები იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას, სამეგრელოს რეგიონიდანაც უერთდებიან.

აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ივნისში გაცემული დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, არ შეასრულა.

პარტია „ევროპული საქართველო“ და მისი მხარდამჭერები 14:00 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან.

ასევე, 14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.


close დახურვა