"ოცნების" განათლებისა სამინისტროს 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმების შესაძენად გაზრდილი ბიუჯეტით ითხოვს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, უწყება ამჯერად ჯამში 45 658 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ წინა გამარტივებულ შესყიდვაში სამინისტრო ანალოგიურ მომსახურებაში 44.9 მილიონი ლარის გადახდას აპირებდა.
"ოცნების" სამინისტროს განმარტებით, წინა მიმართვის გამოხმობის მიზეზი შერჩეული კომპანიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესყიდვის დავალება 2026 წლის 1 აპრილს მიიღო. 3 აპრილს ბაზრის კვლევა გამოაცხადა. მიღებული შედეგების საფუძველზე 2026 წლის 29 აპრილს გამარტივებულ შესყიდვაზე შუამდგომლობა იქნა წარდგენილი. 14 მაისს კომპანიამ, რომლის საფასო შეთავაზებაც საფუძვლად დაედო მიმართვას, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გარემოებების გამო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო.
ახალი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, ბაზრის ხელახალი კვლევა 2026 წლის 20 მაისს გამოცხადდა, რის შედეგადაც შესყიდვის ფასმა 45 658 840 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვაა დაგეგმილი.
ტანსაცმლის მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე - 2026 წლის 15 ივნისიდან (მთავრობის შესაბამისი განკარგულების მიღებიდან) 25 აგვისტომდე - მიწოდებული უნდა იქნეს 301 000 ცალი ფორმა, მეორე ეტაპზე - 15 ოქტომბრამდე - 600 000 ცალი, ხოლო მესამე ეტაპზე - 30 ნოემბრამდე - დარჩენილი 900 000 ცალი.
ამ ეტაპისთვის შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული იმ კომპანიის ვინაობა, რომელთანაც უწყება გამარტივებული წესით ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.
