logo
ENG



„სევდა რომ არ გერევა ადამიანს, ვერც ავადმყოფობა მოგერევა” - ფოტორეპორტაჟი თავშესაფრიდან

06 იან 202120:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/06/10y9jvlrtgdkzzo.jpg
Formula/Vakho Kareli

 

მოხუცთა თავშესაფარ ,,ბარბარეში“ სულ 24 ბენეფიციარია, აქედან, უმეტესობა ქალია. მათ შორის ყველაზე უფროსი 92 წლის არის, ყველაზე პატარა - 67-ის. 2021 წელსაც თავშესაფარში შეხვდნენ და ახალი წლის ღამეს ,,ფორმულას“ თავისი განვლილი ცხოვრების, მათი ყოველდღიურობისა და იმედების შესახებ ესაუბრნენ. მათთვისაც, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პანდემია და მისგან გამოწვეული შეზღუდვებია. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის წინ ყველა ბენეფიციარმა და თანამშრომელმა მარტივად გადაიტანა კოვიდი, მათი სურვილების უმეტესობა პანდემიის დასრულებასა და ჩვეული ცხოვრების დაბრუნებას უკავშირდება.

მერიკო, 79 წლის

,,ერთი ოჯახი ვართ და ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

კაი პატრონის ხელში ვართ, კაი მომვლელების ხელში. არც საჭმელს გვაკლებენ, არც - სასმელს. ჩვენს ხალისზე, ჩვენს გემოზე ვართ. ახალ წელს სიხარულით ველით, ხალისი, სიხარული, მშვიდობა და ბედნიერება რომ მოგვიტანოს, დაამშვიდოს და დააწყნაროს ჩვენი გაჭირვებული საქართველო.  ბედნიერი იყოს ერიც, ბერიცა და ჩვენც კარგად ვიყოთ. ძველმა წელმა წაიღოს ყველაფერი სიავე, გაჭირვება და საცოდაობა.

მე თეთრიწყაროდან ვარ, ჩემი მეუღლე მანგლისელია. დიდი პატივი დამდო და კურორტზე წამომიყვანა. ჩვენ ორნი ვართ აქა, შვილი არა გვყავს და ისე ვართ. სამი წელია, აქ ვართ. 45 წელია, ჩემს მეუღლეს ვიცნობ, ნოემბერში იუბილე გვექნება. კაცს არა ვცნობდი, ისე გავყევ ცოლად, რომ მოვიდნენ, ''გამარჯობა'' მაშინა თქვეს. ''გამარჯობა, გაგიმარჯოს'' და დამთავრდა. დიდი გავთხოვდი, 34 წლის. არ ვთხოვდებოდი - ძმები მყავდა, გათამამებული ვიყავი, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. არავინ მთხოულობდა. თუ ვინმე გამოჩნდებოდა, უარს ვეტყოდი. მერე წავიდოდა და ვფიქრობდი, რატომ ვუთხარი უარი-მეთქი. ძლივ-ძლივს გავთხოვდი. არ დავლაპარაკებივარ, ისე მივედი ამათ სახლში. რომ წამიყვანეს, მთელი გზა მანქანაში გარინდული ვიჯექი, არც არაფერზე ვფიქრობდი, არცა რამე მიხაროდა. დედამთილი მყავდა ძალიან ცუდად და მეცოდებოდა, ისეთი კაი ქალი იყო. ვფიქრობდი, მოვუვლი, მოკვდება და წავალ-მეთქი. რომ მოკვდა, მერე ვიფიქრე, ბარემ ორმოციც იყოს-მეთქი. ორმოცი გადავიხადეთ, წლისთავიც გადავიხადეთ და აეგრე დავრჩი. შევეჩვიე და მერე ისე შემიყვარდა, რო ვგიჟდებოდი პირდაპირ და დღემდე მოგვყვება ეს სიყვარული. არ ყოფილა, რომ გვეჩხუბა, გვეტყოდნენ ხოლმე - კაცო, როგორა ცხოვრობთო, რო ან საქონელს არ უყვირიხართ, ან რამე, ერთხელ ხმა გამოვიდეს მაგ სახლიდანო. მძღოლი იყო ჩემი მეუღლე - დილით წავიდოდა, გამოვაცილებდი, გადავკოცნიდი, ჩაჯდებოდა მანქანაში, წავიდოდა და მე სახლში მერე შემოვიდოდი. სამსახურიდან რომ მოვიდოდი, იყო ასე ''ზაბორზე“ გადმოყუდებული  და მელოდებოდა. მოვიდოდი, ჭიშკართან გადავკოცნით ერთმანეთს, გადახვეულები ავიდოდით კიბეზე და სახლში შევიდოდით. აი, სულ ასე ვაცილებდით და ვხვდებოდით ერთი მეორეს. მდიდრად არ ვცხოვრობდით, ჩემი სამშობლო მდიდარი იყო, მაგრამ ღარიბზე გავთხოვდი. ღარიბი რა, სულით მდიდარი ადამიანია ნამდვილად. რაც გათხოვილი ვარ, ერთი ჯემპრი და ერთი ''იუბკა'' მაქვს ნაყიდი, დანარჩენი, აესე, სულ ნაჩუქარია. სულ ასე გავატარე ცხოვრება, მაგრამ ჩემზე მდიდარი და ბედნიერი არავინ მგონია იმიტომ, რომ ეს სითბო და სიყვარული მაქვს.

44 წელი ექთნად ვიმუშავე. ვმუშაობდი საავადმყოფოში, კომკავშირში, კორექტორად - სულ კაი სამსახურები მქონდა. უკან რომ ვიხედები, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ცხოვრებით რომ ვიცხოვრე. 700 კაცი ვიყავით საავადმყოფოში და ყოველ კვირას იყო ქეიფი, დროსტარება... მეტი ნდობა იყო ბიჭსა და ქალს შორის, ერთ ოთახში ვწვებოდით მორიგეები.

თავშესაფარში რომ გადმოვედით, მეზობლებიც მოვიდნენ, ჩვენთან წამოდითო, ძმისშვილებიც სულ გაგიჟდნენ, იმათ ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, გადასარევი რძლები გვყავს. ჩემი ძმისშვილებისთვის თუ მამიდა ვარ, იმათი არაფერი ვარ, რატო უნდა შევაწუხო ის გოგოები, რომ მომიარონ. ასე მირჩევნია. ამ ოთახში ვიკრიბებით ხოლმე საღამოობით, გვიანობამდე ვმღერით, ან ტელევიზორს ვუყურებთ, ხან რა და ხან რა.

რაიონში გავიზარდე, მანგლისში გავთხოვდი და სიკვდილს გლდანში ველოდები. შემოვირბინე ქვეყანა და ეს არის ჩემი ბოლო წერტილი, აქედან არსად წამსვლელი არა ვარ, გარდა მიწის. აქ დასრულდება ჩემი ცხოვრება და ყველასი, ვინც აქა ვართ. ისე უნდა დაბერდე კაცი, რომ ვიღაცას ცოტა შეეცოდო, რომ მოკვდები. მე ცოტა უცნაური ბუნების დედაკაცი ვარ, არ მიყვარს ქელეხი, არ მიყვარს ხალხიანობა, სულ ვიხვეწები, რო მოვკვდები, არაფერი მინდა, კარგი კუბო გამიკეთონ, ის არის ჩემი, მეტი არაფერი. კარგი, მუხის კუბო. არავის გააგებინონ, არავინ შეაწუხონ, ყველას თავი გასჭირვებია. არავინ მიტიროს, ილაპარაკონ, მომიგონონ, გაიცინონ, იღიღინონ, ყველაფერი კარგი გაიხსენონ, იქეიფონ.

სიკვდილის არ მეშინია. არაფრის მეშინია. ვარ მშვენივრად, ვზივარ ჩემთვისა და ვმღერივარ, მეც არ ვიცი, რასა ვმღერივარ, ვზუზუნებ. ისე, იშვიათად, რომ ავადმყოფობა მომერიოს. სევდა რომ არ გერევა ადამიანს, ვერც ავადმყოფობა მოგერევა.

მინდა, ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს, ყველა მოხუცი შემოგევლეთ თითოეულ ახალგაზრდას, რა ერისაც გინდა იყოს, რა სქესისაც უნდა იყოს, ვინც გინდა, ის იყოს, ოღონდ ბედნიერები იყვნენ. ყოველთვის უნდა იცოდნენ, არც ლამაზი გინდა, არც მდიდარი, ადამიანი ეძიე. სილამაზე და სიმდიდრე არაფერი არ არი, ყველაფერი წამსვლელია. "

 ავტორი: ვახო ქარელი


close დახურვა