თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი ია მელითაური სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მელითაური დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო 173-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება — სამართალდამცველისადმი წინააღმდეგობის გაწევა — მოუხსნა. საკრებულოსთან დაკავებული სხვა პირების საქმეების განხილვა სასამართლოში ორ ჯგუფად, ორ სხვადასხვა მოსამართლესთან გრძელდება: მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ის 5 000 ლარით დააჯარიმა და სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
ბრალდებულმა უარი თქვა როგორც პროცესში მონაწილეობაზე, ისე ადვოკატის მომსახურებაზე. დაკავების ოთახიდან გამოგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ არ სურს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომლის „გადაწყვეტილებაც წინასწარ არის ცნობილი“.
პროცესის პარალელურად სასამართლოში ხმაური იყო. დარბაზის სიმცირისა და ხალხმრავლობის მიზეზით, მანდატურებმა მსურველთა ნაწილი შიგნით არ შეუშვეს, მოგვიანებით კი აქტივისტების გულშემატკივრები შენობიდან იძულებით გამოაყვანეს. 26 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან სამართალდამცველებმა სულ 10 დემონსტრანტი დააკავეს (თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების მიზეზი ხელში ე.წ. „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერების“ ჭერა გახდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო წარწერით გამოჩენილი აქტივისტი თორნიკე თოშხუა აიყვანა (რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა).
მისი დაკავების შემდეგ, ადგილზე სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ სხვა აქტივისტებიც, რომლებსაც ხელში ანალოგიური შინაარსის პლაკატები ეჭირათ, რასაც კიდევ 9 პირის დაკავება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ იმავე ადგილას, მსგავსი შინაარსის ბანერის გამო, პოლიციამ 27 ივლისს კიდევ ერთი დემონსტრანტი — ნოდარ წიწრიაშვილი დააკავა. ყველა მათგანს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას.
