logo
ENG



ავსტრიის ელჩი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ამ ტერიტორიებზე წვდომა უნდა შენარჩუნდეს

17 ივლ 202016:00
3 წუთის საკითხავი
 
g9congu0j2jza3f.jpg

დიპლომატები რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს ეხმაურებიან. საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულფასოვანი ელჩის, არად ბენკოს თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამ ტერიტორიაზე წვდომის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ადამიანების წვდომა ამ ტერიტორიებზე უნდა შენარჩუნდეს. საქართველოს მხრიდან ძალის არ გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება ბევრი გამოწვევაა ყირიმთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. დაძაბულობაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც, ეს გამოწვევები გლობალური მსჯელობის საგანია",-აცხადებს არად ბენკო.

არად ბენკო ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საკითხს და აღნიშნა, რომ იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეები ყალბი ინფორმაციის მახეში არ გაებან განათლების დონის ამაღლება აუცილებელია.

„გარდა ამისა დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ყალბი ახალი ამბავია. მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს მტკიცე თანამშრომლობა ევროკავშირსა და ნატოსთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკა ფაქტებს ეყრდნობა. ასევე მნიშვნელოვანია განათლების მაღალი დონე, რადგან განათლებული ადამიანი არ ეხვევა ყალბი ამბების მახეში, როგორსაც თქვენი ჩრდილოელი მეზობელი ხშირად იყენებს“,-განაცხადა არად ბენკო.

შეგახსენებთ, ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი რომლებიც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

გუშინ კი დე ფაქტო სამრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს, რომელიც მათი თქმით ტერიტორიაზე ღამურების დაჭერას ცდილობდა.


close დახურვა