პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით საუბრის ფორმატს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დადებითად აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მათ ერთსულოვნება აქვთ. მისი თქმით არსებობს სივრცე ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რაც ვითარებას განმუხტავს და ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.
"თავისთავად ის, რომ პროცესი დაიძრა და მოლაპარაკება მიმდინარეობს, კარგია. მომდევნო შეხვედრა იქნება უახლოეს მომავალში. მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ, პრინციპში ერთსულოვანი იყო. მომდევნო რაუნდზე ალბათ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის კარგი ვითარება.
არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას უნდა დაელაპარაკოს, ჩვენ ჩვენს პარტიებს და უახლოეს დღეებში უნდა შევხვდეთ, შევაჯეროთ პოზიციები. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, ჩვენ ჩვენს მოთხოვნებში ერთსულოვნები ვიყავით", - განაცხადა ელისაშვილმა.
მან შეხვედრის ორგანიზებისთვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ელჩებს. კიდევ კარგი ეს ხალხი არსებობს და მგონი ჩვენზე მეტად დარდობს ჩვენს ქვეყანაზე", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.