ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პოზიტიურად აფასებს.
თალაკვაძეს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შედგება.
"პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ.
ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის, მათ მხარდაჭერის პოზიტიური მნიშვნელობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენ ქვეყნის ინტერესებშია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, თალაკვაძემ ასე უპასუხა:
"რაც შეეხება საკითხებს, იმ პოზიციებს რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო, მოდით ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, ყველა ის კითხვა, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას", - განაცხადა თალაკვაძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება.
"არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები და კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.