logo
ENG

08 ოქტომბერი, 2020 | 13:36
თურნავა: აქციებით საუბარი საჭირო არ არის, ვინც კი დააპირა გამართვა, კაბინეტში მოვიწვიე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობასთან აქციებით საუბარი საჭირო არ არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის წარმომადგენლებთან ის და მისი მოადგილეები შეხვედრებს ინტენსიურად მართავენ და ყველა პრობლემის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

"არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული პრობლემა არსებობს, რომლის არსებობის შესახებაც ჩვენ არ ვიცით. ამიტომ, აქციებით ჩვენთან საუბარი არ არის საჭირო, უბრალოდ არ სჭირდებათ აქციები. ვინც კი დააპირა აქციის გამართვა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე მინდა გითხრათ, მაგრამ ეს ჯგუფი მე ვერ გეტყვით, რამდენად ინდუსტრიიდან გამომდინარე აყენებდა მოთხოვნებს. მე ყური მოვკარი, რომ უფრო პოლიტიზებული მოთხოვნები იყო. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება, რომ მათ მოეთხოვოთ ჩვენთან შეხვედრა. მოითხოვონ და შევხვდებით. თუ მიტინგი მიტინგისთვის ტარდება, ეს უკვე სხვა საკითხია", - განაცხადა თურნავამ.

"დაგვიბრუნეთ სამუშაო ადგილები" - ამ მოთხოვნით ბათუმში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პანდემიამ მათ მძიმე პრობლემები შეუქმნა. ისინი მთავრობისგან სესხებზე შეღავათების დაწესებას, ვადის გაგრძელებას და კომპენსაციის თანხის გაზრდას ითხოვენ.

აქცია გაიმართა ასევე თბილისში, პარლამენტის შენობასთან. შეკრებილებმა მთავრობისგან ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, ფრენების აღდგენა და საბანკო სექტორთან შუამდგომლობა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ სექტორში ჩართული კომპანიების უმრავლესობა დღეს გადახდისუუნაროა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა