ახალი არჩევნების შესაძლებლობა საქართველოში, - განხილვის მთავარი თემაა ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში. ამის შესახებ ესაუბრნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიას, რომელიც თბილისში ხაზგასმით იმ დათქმით ჩამოვიდა, რომ ვიზიტი ხელისუფლების აღიარებას არ ნიშნავს. ძალადობასა და ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების მიმართ საპასუხო ზომებზე ილაპარაკა ბრიუსელში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა. მარტა კოსის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ.