logo
ENG

04 დეკემბერი, 2021 | 21:29
შაბათის ფორმულა: რამდენიმე ქართველ სამხედროს ზეწოლის გამო, ემიგრაციაში წასვლა მოუწია

შაბათის ფორმულამ ის ქართველი ემიგრანტები ჩაწერა, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამშობლოსთვის იბრძოდა, მოგვიანებით კი, დევნის გამო, საქართველოს დატოვება მოუწიათ. ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ფარული თუ ღია მუქარაა. 

ვალერი რობაქიძე 2008 წელს ქუთაისის საზენიტო საარტილერიო დივიზიონში მსახურობდა. დღესაც ზუსტად ახსოვს ის ემოცია, როცა ოკუპანტის წინააღმდეგ გაისროლა და დაინახა, რომ რუსული სუ 25-ის ჩამოგდებით, უამრავი ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა. რობაქიძე უკვე მესამე წელია ოჯახთან ერთად საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. ქვეყნის დატოვება იმ გარემოებებმა აიძულა, რაც საქართველოში მის თავისუფლებას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ჯერ გერმანიაში წავიდა, დეპორტის შემდეგ კი საფრანგეთს ჩაბარდა.

რობაქიძის უსაფრთხოებას საფრანგეთში იცავენ. საქართველოში კი ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებული გმირი, 2014 წელს სამსახურიდან გაანთავისუფლეს. უმუშევარი დატოვეს მისი მეუღლეც, რის გამოც, რობაქიძის თქმით, ქალმა ორჯერ თვითმკვლელობა სცადა. ბოლოს რობაქიძის ფეისბუქი გატეხეს და მისგან სხვადასხვა ანგარიშებზე დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იგზავნებოდა. ამბობს, რომ ამით ხელისუფლება მის დასაჭერად ემზადებოდა. ის ახლა პარიზში უფასო სასადილოში დადის, სასტუმროში ცხოვრობს და ელოდება, რომ მუშაობის უფლებას მისცენ. 

კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, თამაზ ელიზბარაშვილი ამერიკაში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ქვეყნის სამსახურში იყო, იბრძოდა აგვისტოს ომშიც. 2016 წელს კი სამსახური დატოვა და ქვეყნიდან წავიდა. ახლა ამერიკაში სატვირთო მანქანის მძღოლია. ამბობს, რომ საქართველოში ვერ დარჩებოდა, რადგან მმართველი პარტიის მხრიდან მისი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა იყო. ზეწოლას არ დაემორჩილებოდა, ამიტომ ქვეყნის დატოვება არჩია.

საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა აგვისტოს ომის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ანტისაოკუპაციო მოძრაობაშიც. რამდენიმე თვეა გერმანიაში ლტოლვილის სტატუსს ელოდება. საკუთარ ვინაობას უსაფრთხოების მიზნით არ ასახელებს.

"ყველამ იცის, რომ სუსი სავსეა რუსული სპეცსამსახურებით, რადგან ჩვენი ყველა მებრძოლის გვარი და სახელი გადაცემულია რუსულ სპეცსამსახურებზე, ყველა იციან ვინ იბრძოდა 2008 წელს. დევნაშია თითქმის ყველა", - ამბობს ის. 

ბოლო წლებში ემიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა მილიონმა ქართველმა დატოვა. მიზეზები სხვადასხვანაირია - გაჭირვება, უმუშევრობა, პოლიტიკური ზეწოლა, საფრთხე. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა