logo
ENG

12 ნოემბერი, 2020 | 18:47
ჯაფარიძე: კრიზისი უნდა განიმუხტოს, ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის პოზიცია იყო ის, რაც მანამდე საჯაროდ არაერთხელ განუცხადებიათ. შეთანხმება კი მომდევნო შეხვედრის გამართვის შესახებ შედგა.

"ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია, ისინი როგორ აფასებენ ამ ჩატარებულ არჩევნებს. რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, რომლის დრო და ადგილიც ჯერ არ ვიცით.

ატმოსფერო არის ასეთი - ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველას სურვილია და ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი. ჯერჯერობით ყველაფერი ისე გრძელდება როგორც იყო.

ზოგადად, ასეთი შეხვედრა რომ დგება, ჩემი აზრით, უკვე არის წარმატება, იმიტომ რომ მე პირადად მაქვს ასეთი პრობლემა, რომ 4 წელია ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთოდ არ მისაუბრია არსად. ამიტომ საუბარი რომ დავიწყეთ, ეს თავისთავად კარგია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა