logo
ENG

ევროკავშირი: მოსამართლეების შერჩევის პროცესში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული

13 დეკ 201921:30
3 წუთის საკითხავი
 
e5vrh2530mxro5m.jpg

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ევროკავშირი კრიტიკულად ეხმაურება. განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა.

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა საბოლოო კენჭისყრამდე მეტი ძალისხმევა უნდა დათმობდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“, -  წერია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. მოსამართლეთა არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.


close დახურვა