logo
ENG

უგულავა ივანიშვილზე: ვირეშმაკობაა, ვერ გაქაჩა, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერი

02 დეკ 201911:56
3 წუთის საკითხავი
 
xxaboelsm69ocmu.jpg

„ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. ნიკა მელიას, სადეპუტატო მანდატის დატოვება და 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

მელიას ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება იყო უკანონო და ემსახურებოდა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას. გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. რაც შეეხება პროკურატურას, პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაელოდებიან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, გაეცნობიან მას და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ თუ არა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. 
დღეს სასამართლოს სხდომას მელიას თანაგუნდელები და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და მას უნდოდა მელიას საპარლამენტო საქმიანობიდან ჩამოშორება. თუმცა, ისინი იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ივანიშვილმა პატიმრობის შეფარდება ვერ გაბედა.
როგორც „ფორმულას“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განუცხადა, ივანიშვილმა მელიას დაჭერა ვერ „გაქაჩა“.
„კლასიკური ივანიშვილის სტილში გადაწყვეტილებაა, ვირეშმაკობაა, ვერ გაქაჩა, რომ დაიჭიროს ოპოზიციის ლიდერი და დეპუტატი. ამიტომ, ეს სირცხვილი რომ არ ეჭამა, შუალედური გადაწყვეტილებაა - საპატიმრო არაა, მაგრამ არჩილსა და მის კოჰორტას აძლევს საშუალებას, გააძევოს მელია პარლამენტიდან“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ნაწილობრივ გაამტყუნა.  

„ქართუს“ საქმე 2012 წელს დაიწყო. 7 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკაში ჩართული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორების მიზნით, ბანკის გაკოტრებას გეგმავდნენ. კერძოდ, მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

პროკურატურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა. ამ ცვლილების თანახმად,  საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. 
დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში", უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა ქონებას სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ბანკი ქართუს" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფა სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება იყო.
იმ მიზნით, რომ "ბანკ ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბანკი ქართუს" გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი, მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. ხოლო, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმისთვის, რომ ბანკი '"ქართუს" ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა.


close დახურვა