logo
ENG

ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დამთავრებულია - ქუთაისში მასშტაბური მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება

06 დეკ 201912:00
3 წუთის საკითხავი
 
kj55b278tpu0xsk.jpg

ოპოზიციური ერთობა ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქცია-მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან 14:00 საათზე დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება. ეს იქნება პირველი ღონისძიება, რომელსაც რეგიონული საპროტექტო კამპანიის ფარგლებში, ოპოზიცია გეგმავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. 

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მსვლელობა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ის ხელისუფლებას მოუწოდებს დაძაბულობა არ შექმნას და აქციაზე პარტიული მხარდამჭერები არ გამოუშვას. 

"ვფიქრობთ, რომ 2 საათში ღონისძიება დავასრულოთ, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსვლელობაში არ მონაწილეობენ, პრობლემები არ შევუქმნათ. ვთხოვთ ხელისუფლებას გამოიჩინოს გონიერება და ნუ შექმნის დაძაბულობას. ყოველი მათი წინააღმდეგობა მოქალაქეებს მეტ დისკომფორტს შეუქმნის. თუ ხელისუფლება პოლიციის კორდონით შეეცდება გზა გადაგვიკეტოს, თუ ხელისუფლება გამოგზავნის თავისი ტიტუშკებს, ასეთ შემთხვევაში პროცესი უფრო გახანგრძლივდება და გაიწელება დროში“, - აღნიშნა ბობოხიძემ.

რეგიონებში აქციების ჩატარების აუცილებლობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს. უდუმაშვილის თქმით, აქციები სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს და მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. 

"რეგიონებში უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე დედაქალაქში. ხალხი პროტესტს ყველგან გამოხატავს. არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ მან ქვეყანაში თავი კომფორტულად იგრძნოს. ყველგან ჩავალთ, ყველა რეგიონში და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე ქუთაისში უკვე ჩავიდა. როგორც ის "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, მოსახლეობის განწყობა მმართველ გუნდთან მიმართებაში მკაფიოა და საზოგადოება ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოა. ვაშაძე მსვლელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიტინგი მშვიდობიანი ფორმით ჩატარდება. 

"ჩვენ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გვექნება. ისევე როგორც ეს მცხეთაში იყო. მოძალადეები დაგხვდნენ და მათ შევთავაზეთ საქართველოს ჰიმნი გვემღერა. ვიმღეროთ ჰიმნი ან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოვითხოვოთ. ხელისუფლება, რომელიც ეფარება ძალადობას, ის უკვე დამთავრებულია. ხელისუფლება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, ის დამთავრებულია. ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დამთავრებულია. დავდივარ ეს დღეები აქ და ხალხს როგორი განწყობა აქვს ვხედავ. ხალხს ყელში ამოუვიდა ეს გაჭირვება. ჩვენსა და ივანიშვილს შორის იცით რა არის განსხვავება, ივანიშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ გაგიშვებთ სამუშაოდო და აქ სამუშაო ადგილები არ შეიქმნებაო, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა აქ შეიძლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

 


close დახურვა