logo
ENG

ეს მიზნად ისახავს არჩევნების წინ უთანხმოების დათესვას - კანადა რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

21 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 
20dtfbfsh9jlui4.png

დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ადმინისტრაციების გარდა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას სხვა ქვეყნებიც ეხმაურებიან. 

განცხადებები გაავრცელეს კანადამ, დანიის, შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ისლანდიის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, ლიეტუვის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმა და საელჩოებმა.

"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის და მედიაორგანიზაციების 15 000-ზე მეტი ვებ გვერდი გაითიშა ქსელიდან და დაზიანდა, საქართველოს დესტაბილიზაციის და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოსათხრელად რუსეთის კიდევ ერთი მცდელობის შედეგად. ჩვენი შეფასებით, ეს ქმედებები ჯგუფმა „სენდვორმა" განახორციელა, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო „გრუ"-ს კიბერგანყოფილება აფინანსებს. კანადა კატეგორიულად გმობს ამ მავნე საქციელს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს წლის ბოლოს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ უთანხმოების დათესვას და გამოხატავს საერთაშორისო კანონმდებლობის, ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა უგულებელყოფას", - ნათქვამია კანადის საერთაშორისო საქმეების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ავსტრალიიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში განხორციელებული რუსეთის ქმედებები დაგმო და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების მოვლენებში ჩარევა. 

„ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ წინა წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მავნებლური კიბერმოქმედების დაგმობაში“, - ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. რაც შეეხება რუსეთს, ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს

 


close დახურვა