თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი 11 დეკემბრამდე გადაიდო. საქმის განხილვისას, მოსამართლემ მხოლოდ ერთ დაკავებულს, მერაბ ჭიკაიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჭიკაიძემ აღიარა, რომ ის იგინებოდა, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, არა სამართალდამცველების მისამართით. პროცესის დასრულების შემდეგ გამოსულმა ბრალდებულებმა მედიასთან კომენატარის გაკეთება არ ისურვა.
ცალკე წარმოებად გამოიყო სასულიერო პირის, ლევან ამირეჯიბის საქმე. ის ბრალდებას არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ 2 დაკავებულს, ადვოკატის ინფორმაციით, ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს და მათი საქმე სასამართლოს არ განუხილავს.
სასამართლო პროცეს ესწრებოდნენ "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე და მისი თანამოაზრეები. მათი მტკიცებით, სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობა გახდა.
პირი, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს, ანა სუბელიანს თავს დაესხა და სახის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ჯერჯერობით არ წაჰყენებია.
გუშინ, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. აქედან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე 27, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის კი 1 ადამიანია დაკავებული.