logo
ENG



"არმია აღმოსავლეთ უკრაინის გათავისუფლებაზეა ორიენტირებული" - მოსკოვი რიტორიკას ცვლის

26 მარ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/vgr3jui1tof5uqj.png

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ "სამხედრო ოპერაციის" პირველი ფაზა დასრულდა და ახლა არმიის ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის "გათავისუფლებაზე" იქნება მიმართული. 

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, "ოპერაციის მთავარი მიზნების პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი მიღწეულია". 

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მიმართვას მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ". - თქვა რუდსკოიმ

მისი მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" თავდაპირველი მიზანი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის აღება იყო. ამ რეგიონების, ასევე ყირიმის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს, მას შემდეგ მოახდინა, რაც უკრაინაში ევრომაიდნის პროდასავლურმა პროტესტმა გაიმარჯვა. 

რუდსკოის განცხადებით, უკრაინაში რუსულ ჯარების შესვლამდე მოქმედების 2 ვარიანტი განიხილებოდა.  

პირველი ვარიანტი იყო ოპერაციის შეზღუდვა დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებით.

თუმცა, რუდსკოის განცხადებით, ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებდა დონბასში დამატებითი ჯარების გაგზავნას, ამიტომ შეირჩა მეორე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს "ოპერაციებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ღონისძიებების განხორციელებით".

რუსეთის სახელმწიფო პირები, მათ შორის, თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მიზანი სწორედ უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო", ასევე, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. 

მიუხედავად ინტენსიური ბრძოლებისა და მცდელობისა, აეღოთ უკრაინის ყველა ძირითადი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი კიევი, რუსეთმა ამის გაკეთება შეჭრიდან ერთი თვის შემდეგაც ვერ შეძლო. 


close დახურვა